ძიება ვებ გვერდზე

საბედისწერო ყელსაბამი საფრანგეთის ისტორიიდან

30 მარტი 2023

ვინ იფიქრებდა, რომ 1784-85 წლებში საფრანგეთში მომხდარ ერთ თაღლითურ ამბავს ქვეყნის ბედის შეცვლა შეეძლო?

ყველაფერი 1772 წელს დაიწყო, როდესაც მეფე ლუი მეთხუთმეტემ თავისი ფავორიტი მადამ დიუ ბარისთვის გრანდიოზული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. მან პარიზის საუკეთესო იუველირებს, პოლ ბასანჟსა და შარლ ბოემერს დაავალა შეექმნათ ყელსაბამი, რომელიც მსოფლიოში არსებულ ყველა სამკაულს დაჩრდილავდა.

 

ბასანჟსა და ბოემერს წლები დასჭირდათ მასალის შესაგროვებლად და ძვირფასი ქვების შესაძენად აღებული ვალების გამო გაკოტრდნენ კიდეც. ბოლოს, დიდი შრომის შედეგად შეიქმნა 647 უზადო ბრილიანტით შემკული ყელსაბამი, რომელიც 2800 კარატს იწონიდა. მეფის სურვილი შესრულდა – სამკაულმა სიდიადით არამარტო საფრანგეთი, არამედ მსოფლიო დაჩრდილა.

 ეს ისტორია აქ დასრულდებოდა – მეფე შეიძენდა ყელსაბამს და მის რჩეულს აჩუქებდა, მაგრამ, რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, ლუი მეთხუთმეტე ნაკეთობის დასრულებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა! გაკოტრებული იუველირები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ახალ მსურველს. ჯერ სამეფო ტახტის მემკვიდრეს, ლუი მეთექვსმეტეს შესთავაზეს იმ იმედით, რომ ფუფუნების მოყვარული დედოფალი მარი ანტუანეტი ყელსაბამს იყიდდა, მაგრამ ყველას გასაკვირად, დედოფალმა უარი თქვა. შემდეგ სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ, თუმცა ასტრონომიული ფასის გამო (2 მილიონი ლივრი), სამკაული ყველაზე შეძლებული დიდგვაროვნებისთვისაც მიუწვდომელი იყო.

ასე გადიოდა წლები, სანამ 1784 წელს, სამეფო კარზე მოხვედრილმა თაღლითმა ქალმა, ჟანა დე ლა მოტმა ცბიერი გეგმა არ დასახა. მან ჯერ კარდინალი დაარწმუნა, რომ დედოფალთან დაახლოებული პირი იყო. მისი ნდობის მოპოვების შემდეგ კი იუველირებს დააჯერა, რომ დედოფალს ყელსაბამის შეძენა უხმაუროდ, მისი შუამდგომლობით სურდა. შედეგად, ქალმა ხელში ჩაიგდო უძვირფასესი სამკაული, რომელიც ნაწილებად დაშლილი გაყიდა შავ ბაზარზე.

სასამართლომ დედოფლის უდანაშაულობა დაამტკიცა, მაგრამ სკანდალი მისი ისედაც შელახული რეპუტაციისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ეს იყო ბოლო წვეთი მოსახლეობისთვის, რომელსაც მონარქიის დამხობა სურდა და ვინ იცის, რომ არა თაღლითი დე ლა მოტი, იქნებ თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა – საფრანგეთის რევოლუცია არც კი მომხდარიყო?

 

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები